სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღეს

დაკავებულს ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 27 წლის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11,7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს.
ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.