მსოფლიო დღეს

უკვე ოფიციალურად: ფინეთმა ნატოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების საკითხზე მუშაობა რუსეთის მიერ დონბასში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დააანონსა
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ფინეთმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის განცხადებაში.
„ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) წევრობის განაცხადს პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ შეიტანს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამთავრობო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მიიღეს. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ორშაბათს პარლამენტში განიხილება, სავარაუდოდ, ამ საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა საკითხი ორშაბათსვე დაამტკიცოს. მედიის ცნობით, განაცხადი ნატოში ოთხშაბათს წარედგინება, იტყობინება РИА Новости.
„ჩვენი გადაწყვეტილება ისტორიულია. ყველაზე მნიშვნელოვანია ფინეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.
რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნატოს მიზნად აქვს კონფრონტაცია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს, ნატოს აგრესიული ხასიათი აქვს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.