თბილისი, 15 მაისი - Sputnik. დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.
სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში გადაეცა. შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.
„ახალი აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას შესაძლებლობას მისცემს დაეხმაროს და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სტიქიური მოვლენების მართვის დროს. ახალი აღჭურვილობის გამოყენება მომავალში ბევრად უფრო გააუმჯობესებს ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების შესაძლებლობას“, - განაცხადა სუზან კრისტენსენმა.
ცერემონიას წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით ჩატარდა. სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.
წყარო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო