„დინამო“ – „საბურთალო“: სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

„დინამო“ ინციდენტების პრევენციას ცდილობს - ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა შეუძლებელია.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. კრისტალბეთის ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩზე სკოლის მოსწავლეები „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ბარათით (sCool Card) უფასოდ მხოლოდ მეორე იარუსზე დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი „დინამო თბილისი“ ავრცელებს.
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „დინამოს“ შემდეგი მეტოქე „საბურთალო“ იქნება. მატჩი ხვალ, 16 მაისს, 19:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.
გადაწყვეტილება ინციდენტების პრევენციის მიზნით არის მიღებული. ცნობილია, რომ სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა შეუძლებელია.
3 მაისს, მე-11 ტურში ბათუმის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის მსვლელობისას სტადიონზე გულშემატკივრების რეკორდული რაოდენობა - 22 ათასი მაყურებელი მივიდა. მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.
მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები ბათუმელთა შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის მიზნით შევარდნენ.
„მათ შორის იყვნენ sCool Card-ით მატჩზე უფასოდ შეშვებული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მატჩის მსვლელობისას არაერთხელ შეეცადნენ მოედანზე შესვლას, ბოლოს კი სტადიონზე შეცვივდნენ და ბათუმელთა ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან სურათის გადაღებას ცდილობდნენ“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა, სადაც თამაში ბოლო წუთებზე ხელჩართული ჩხუბის გამო შეწყდა.
მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ლიგის 13-ე ტურში „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაზე მხოლოდ მედიისა და გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს.