თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო ქვეყანა გადააწყდა უდიდეს რყევას რესპუბლიკის დაარსების მომენტიდან, იუწყება Korean Central News Agency (KCNA).
აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ამოქმედებული უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემის მუშაობის შესამოწმებლად, 14 მაისს მოწვეული იქნა კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომა, რომელსაც კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. მას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების ანტიეპიდემიური შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც დაავადების გავრცელების ვითარებასთან დაკავშირებით პატაკი ჩააბარეს.
ამ კვირაში, პირველად პანდემიის დაწყებიდან, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენის შესახებ განაცხადა. KCNA-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან ქვეყანაში „უცნობი ციებ-ცხელების“ გავრცელება დაიწყო.
„გენერალურმა მდივანმა (კიმ ჩენ ინმა – რედ.) განაცხადა, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების კუთხით ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და ჩვენს ქვეყანაშიც ამ ავბედითი ეპიდემიის გავრცელება, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკია. მაგრამ თუ ჩვენ არ გადავუხვიეთ ანტიეპიდემიური პოლიტიკის განხორციელების პრინციპებს და შევინარჩუნებთ ძლიერ ორგანიზაციულ და მაკონტროლებელ ძალას, რომელიც დაფუძნებულია პარტიისა და ხალხის ერთსულოვნებასა და სოლიდარობაზე, და გავაძლიერებთ ანტიეპიდემიურ ბრძოლას, მაშინ სავსებით არის შესაძლებელი კრიზისის დაძლევა“, - აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, შაბათის მონაცემებით, აპრილის ბოლოდან 13 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 524.440-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა მაღალი სიცხე, მაგრამ 243 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 288 ათასზე მეტი მოქალაქე კვლავ იზოლაციაშია და მკურნალობას გადის. ჯამში დაიღუპა 27 ადამიანი, ერთ-ერთის ანალიზმა დაადასტურა კოროვირუსის შტამი BA.2 ომიკრონი, ე.წ. სტელს-ომიკრონის ვარიანტი.
ჩრდილოეთ კორეამ დააწესა „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა", კიმ ჩენ ინის მითითებით ყველა ქალაქსა და ოლქში ამოქმედდა ლოკდაუნი, რათა უმოკლეს ვადებში შეჩერდეს ვირუსის გავრცელება და „ამოიძირკვოს ინფექციის წყარო“.