თბილისში მცენარეების ქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქის პარკებსა და სკვერებს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ
Sputnik
თბილისი, 14 მაისი— Sputnik. მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში არსებული ნარგავების ქიმიკატებით დამუშავების აქტიური სამუშაოები დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპლექსური წამლობის სამუშაოები როგორც მავნებლების, ასევე სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა.
მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში.
2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.
კომპანია აქტიურ სამუშაოებს წლის განმავლობაში გააგრძელებს.