თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
კერძოდ, პოლიციამ თბილისში სხვადასხვა დროს 44 და 28 წლის პირები დააკავა, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ ბრალი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და რვა ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი საბრძოლო ვაზნა.
გარდა ამისა, აჭარაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 39 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომლის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და შვიდი საბრძოლო ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 60 ვაზნა, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სამი ვაზნა, პისტოლეტი და ექვსი ვაზნა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა.
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური