თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის საბაჟო უწყებების ხელმძღვანელებმა სატვირთო გადაზიდვების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს, იუწყება საქართველოს შემოსავლების სამსახური.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ისმაილ ჰუსეინოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
როგორც კაკავამ აღნიშნა, თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის პროცედურების ეფექტური აღსრულება და გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის კოორდინირებული მართვა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში შეიქმნა და ასევე განვიხილეთ მათი სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობები. ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა კომპანიებმა შეძლონ საქართველოს გავლით დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით ტვირთების შეუფერხებლად გადატანა“, – აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონალური პროექტი, რომელიც ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ გახსნას უკავშირდება.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები „სარფის“ და „ვახტანგისის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრნენ.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სულ 6 გამშვები პუნქტი მოქმედებს:
რკინიგზა:
„ბეიუქ-ყიასიკი“ (აზერბაიჯანი) – „გარდაბანი" (საქართველო)
საავტომობილო:
„წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანი) – „წითელი ხიდი“ (საქართველო);
„მაზიმგარა" (აზერბაიჯანი) – „ცოდნა" (საქართველო);
„იპეკ იოლუ" (აზერბაიჯანი) – „აბრეშუმის გზა" (საქართველო);
„სადახლო“ (აზერბაიჯანი) – „ვახტანგისი“ (საქართველო)
„მუღანლი" (აზერბაიჯანი) – „სამთაწყარო" (საქართველო).
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–თებერვალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა და 248,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 39,1%-ით გაიზარდა.
წყარო - შემოსავლების სამსახური