როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - ახალი სტატისტიკა

საქართველოში აივ–ინფიცირების შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში, 15 მაისის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 52 აივ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2022 წლის 15 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9.349 აივ ინფიცირებული პირი. აქედან 6.982 – მამაკაცი, ხოლო 2.367 – ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. სულ გარდაიცვალა 1.989 პაციენტი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
34,4% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50,7% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12,7 % - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,2% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0,4 % - სისხლის რეციპიენტია; 0,6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში - 3.515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა, ორი კი დაუდგენელია, სამეგრელოში - 1.235, შემდეგ იმერეთში - 1.119, აჭარაში - 1.079, აფხაზეთში - 541, ქვემო ქართლში - 549, კახეთში - 465, შიდა ქართლში - 357, გურიაში - 200, სამცხე-ჯავახეთში - 131 და ა.შ.
15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ–ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 51 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.