თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი აკრძალა, აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
ინდოეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ხორბლის ფასების ზრდა და ინდოეთსა და მეზობელ მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.
„ინდოეთის, მეზობელი და სხვა მოწყვლადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია. ინდოეთის მთავრობა მოწოდებულია უზრუნველყოს ინდოეთის, მეზობელი და სხვა მოწყვლადი განვითარებადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოება, რომლებზეც უარყოფითად მოქმედებს უეცარი ცვლილებები ხორბლის მსოფლიო ბაზარზე და რომელთათვისაც არ არის ხელმისაწვდომი ხორბლის ადეკვატური მიწოდებები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ექსპორტი დაიშვება „იმ შემთხვევებში, როდესაც განკარგულების გამოცემის თარიღისთვის ან მანამდე უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი“, ან ინდოეთის მთავრობის ნებართვის საფუძველზე სხვა ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების სფეროში მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად „ამ ქვეყნების მთავრობების მოთხოვნის საფუძველზე“.
ინდოეთის ხელისუფლებამ 2021-2022 წლებში ხორბლის წარმოების პროგნოზს გადახედა და შეამცირა 5,7%-ით 105 მილიონ ტონამდე, მიზეზად დასახელდა ნაადრევი ზაფხული, რამაც გავლენა მოახდინა მოსავლიანობაზე.
ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია (ჩინეთის შემდეგ), ქვეყანაში წარმოებული ხორბლის უმეტესი ნაწილის მოხმარება შიდა ბაზარზე ხდება.