უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ

საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, წინასწარ შემუშავებული საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:
წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;
მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი – 53 ქულა.
საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან 22 არჩევით პასუხებიანი დავალებაა; ორი – შესაბამისობის დავალება; რვა – ღია დავალებები; ფუნქციური/ანალიტიკური წერა.
გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია.
პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
გამოცდა პედაგოგებისთვის – მასწავლებლები პროფესიული სტატუსის ამაღლებას შეძლებენ>>
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა. როდესაც გაირკვა, რომ პედაგოგების 60%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა: აღარ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ასევე შეამცირეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
განათლების სამინისტრომ 2018 წელს კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარების ვადა 2021 წლის ბოლომდე მიეცათ. იმ მასწავლებლებთან, ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი კონტრაქტები იდება და იწყება მათი ეტაპობრივი შეცვლა, ანუ მათ გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენის შემთხვევაში.