თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ქვეყანა მას დაბალ ფასში ყიდულობს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის მარაგი იწურება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
„ერთდროულად ორივე ვერ იქნება. ხორბალი ვერ დაიფქვევა, თუ ბაზარზე იქნება იაფი ფქვილი. ეს მოტივირებულია იმით, რომ მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად იაფი ფქვილი, რაც კი შეიძლება დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებობდეს. ამიტომაც, მარაგების თვალსაზრისით, ბუნებრივია, პრობლემა არ არის. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი თქმით, დაახლოებით 1,5-2 თვეში უკვე დაიწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება. მთელ მსოფლიოში უკვე ახალი სეზონი იწყება, რომელიც, ჩვეულებრივ, ივლის-აგვისტოშია.
„ეს თავისთავად იწვევს უკვე ახალი მოსავლის და ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას“, – აღნიშნა ხანიშვილმა.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად – საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.