თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის ტენდენცია საქართველოს მთავრობის გააზრებული და გონივრული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა გვახარებს, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება, მეგობრებო, ეს არის ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, მშვიდობიანი პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მეორე მხრივ, მთავრობის მიზანია ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონების, ტურიზმის, ვაჭრობის გამოცოცხლება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას, ასევე ტურიზმის აღდგენას ქვეყანა უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მსოფლიოში არსებული „ნეგატიური ტალღის“ ფონზე ახერხებს.
„ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია“, – აღნიშნა პრემიერმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის იანვარი–აპრილში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 272,3%-ით გაიზარდა.
საქართველომ ოთხ თვეში 820,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 63,8%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, მარტში მშპ-ის ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.