თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კვლავ მოითხოვს მისი შვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.
ხუთშაბათს, დილით საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ეტაპირება განხორციელდა მისი გამოკვლევისა და, თუ საჭირო იქნება, მკურნალობის მიზნით.
„როდემდე გაჩერდება კლინიკაში, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა, რადგან არც დაკვირვება და არც ეს ანალიზები, გამოკვლევა არ იქნება საკმარისი, რადგან მას სჭირდება ახლა ინტენსიური მკურნალობა, რომ გადარჩეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის პირობები უკეთესია, ვიდრე გორის ჰოსპიტალში იყო.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმში რთულ ორგანულ ნივთიერებათა დისიმილაცია (დაშლა). ცილების უკმარისობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს შეუმცირდა კუნთოვანი მასა, აწუხებს სისუსტე. ექიმების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.