თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.
„ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყველას მოუწოდა, შეინარჩუნოს ეს მშვიდობა და ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს.
ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.