თბილისი, 12 მაისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ტაჯიკეთის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ტაჯიკეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის, პარლამენტის ეკოლოგიური კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელები.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. საუბარი შეეხო საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკას, სატყეო სექტორის მართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას.
„ტაჯიკეთი ამ ეტაპზე მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის შემუშავებაზე. საქართველოში ვიზიტით მყოფ კოლეგებს გავაცანით ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად ხორციელდება; ასევე, ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის დაცული ტერიტორიის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენებები გარემოსდაცვითი განათლების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ძალზე საინტერესო იყო.
„ჩვენთვის სასარგებლოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვართ მჭიდრო თანამშრომლობისა და თქვენი პრაქტიკის გაცნობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა.