მიქანაძე: სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს

ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გადაიყვანეს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით.
მიქანაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა არ არსებობს.
„მისი ოჯახი, მისი თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ ეს კონტექსტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოში არა მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში, არამედ მის გარეთაც არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს სათანადოდ დაცული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა სამშაბათს გააკეთა. სააკაშვილი დათანხმდა აღნიშნულ კლინიკაში ეტაპირებას, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს, ცენტრ „ემპათიის“ ექიმებს, დეპუტატებსა და ადვოკატებს.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს>>
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკებისსაქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.