თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის17 პირი, მათ შორის, 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგანსაქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალაში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევი ან ამჟამად პირობითიმსჯავრის ქვეშმყოფი პირია, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარულიაუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
სამართალდმცველებმა თბილისში დაკავებული ერთ-ერთი პირის მიერ მითითებული ადგილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2.945 აბი „ტრამადოლი“, 2.586 აბი „მეტადონი“, 71 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და ასევე 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , „გეკოს" სისტემის იარაღი, ხელყუმბარა, 305 ვაზნა და 7 მჭიდი.
თბილისში დაკავებული კიდევ ერთი პირი ნარკოტიკების რეალიზაციას დედაქალაქის მასშტაბით ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებდა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, 10 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“ და „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბათუმში დაკავებული ოთხი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სულ ამოღებულია „ჰეროინისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სამი შეკვრა „ალფა პვპ“, 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და 312 ერთჯერადი შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით.
იმერეთსა და კახეთში დაკავებული პირების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები - კახეთში ერთ-ერთი პირის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი „ჰეროინი“.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.