საქართველოში ოჯახის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდა იგეგმება

მედიკოსების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება
Sputnik
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მინისტრს არ დაუზუსტებია ანაზღაურების გაზრდის ვადები და ოდენობა.
„მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აზარაშვილმა შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, 200-მდე სოფლის ამბულატორიას განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობის 94,7%-ზე ვრცელდება. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებაზე მოქალაქეთა მიერ გაწეულ ხარჯს, აზარაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით 2021 წელს ის 73,4%-დან 43,5%-მდე შემცირდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მუშაობს პაციენტების კლასიფიკაციის სისტემის - DRG მოდელის დანერგვაზე.
DRG სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, შეიქმნა 30 წლის წინ აშშ-ში მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ყველა DRG სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელი გამოიყენება გერმანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.
მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე.
შესაბამისად, ასეთი ჯგუფები ერთგვაროვანია მკურნალობის ღირებულების თვალსაზრისით. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.