ქართველი ფერმერების აგრობარათებზე აგროქულების დარიცხვა უკვე დაიწყო

ფერმერებს დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.
უწყების ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის „ლიბერთი ბანკის “ აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად განხორციელდება.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე myliberty.ge გადაამოწმოთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიოთ „ლიბერთი ბანკის“ თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. ესაა ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები და სხვ.
ამ ეტაპზე აგროქულების განაღდება საქართველოს მასშტაბით 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს ეტაპობრივად 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.
აღნიშნული სუბსიდიით სარგებლობისთვის, მესაკუთრეები 2022 წლის 30 ივნისამდე ვალდებული არიან მიწის პირველადი რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იგი დაარეგისტრირონ. გარდა ამისა, სუბსიდიის მიღების მსურველები ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.