თბილისი, 11 მაისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისრტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით საბაჟო კონტროლისგან მალულად შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26.644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტები და კომპიუტერული ტექნიკა.
ბრალდებული მედიკამენტებისა და ტექნიკის გატანას MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში, რომელსაც თავად მართავდა, სპეციალურად მოწყობილი სამალავით ცდილობა.
ბრალდებული საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.