თბილისი, 10 მაისი – Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კლინიკა პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა და ორი წლის განმავლობაში ამ პროფილით ფუნქციონირებდა. ამ ხნის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით. ამ პერიოდში საავადმყოფომ 10.000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
„10 მაისიდან რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდ-პაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კოვიდ-კლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ამასთან, უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში კლინიკის გაძლიერების მიზნით საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო რეორგანიზაციაც ჩატარდა. დაინიშნა ახალი დირექტორი. ლევან გოფოძე ლიკა ჭუმბურიძემ შეცვალა.
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა შედის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში, რომელიც აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.
ჰოლდინგში ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“.