თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა თავისი განცხადებით პასუხი გასცა სპეკულაციებს საქართველოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
კლეიტონმა ადრე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვას არ გააჩნია უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მსგავსი არანაირი მონაცემები, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ასრულებს თავის ვალდებულებებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შესრულების კუთხით.
„საქართველოს ტერიტორიაზე სანქციებისთვის არავითარი გვერდის ავლა ან რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება... საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დიპლომატის განცხადება არ იყო მოულოდნელი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატისთვის თეონა აქუბარდიასთვის.
„ბრიტანეთის ელჩის განაცხადი, რომ სანქციების თავის არიდების შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთს არ აქვს, არ გამკვირვებია, რადგან ისინი ამ პროცესს მონიტორინგს უწევენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ელჩის განცხადებას მიესალმნენ ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, არ დაეხმაროს ბარბაროს აგრესორს, რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში“, – განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო.
უფრო ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს.
საქართველო განაგრძობს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა (24 თებერვალს), დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.