შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებული ბავშვის გადასარჩენად ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო

ბიჭს ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები უგროვებენ თანხას 8 წლის თბილისელ მოსწავლე დათის, რომელიც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავარიის მსხვერპლი გახდა - ამ ეტაპზე ბიჭის სამკურნალოდ ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო.
31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ მოზარდს დაეჯახა. ბავშვი თავის სახლთან ახლოს სასკოლო ავტობუსს ელოდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მრავალსაათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
დათი ქოქრაშვილი სამკურნალოდ მიიწვიეს ისრაელის მედიკოსებმა კლინიკიდან SHEBA HOSPITAL. საჭირო თანხას ბიჭის ახლობლები სოციალური ქსელების მომხმარებლებთან ერთად აგროვებდნენ.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
მიმღები - ბიჭის დედა ქრისტინა მამუკაშვილი.
რაც შეეხება დამნაშავეს, ის თავის სასამართლო პროცესს ციხეში ელოდება. ბრალდებულმა თავისი ბრალი სრულად აღიარა.