საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუსმენენ

ოთხშაბათს, 11 მაისს დეპუტატების წინაშე, „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი წარდგება.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი– Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარებენ, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.
მდინარაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს კითხვები დაესმევა ინფლაციასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები საქართველოს ეკონომიკაზე და რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ისაუბრებს.
„ხვალინდელი ინტერპელაციის წერილი ჩვენი ფრაქციიდან გაეგზავნება ორ მინისტრს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 11 მაისს პარლამენტის წინაშე, „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარდგება.