თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე დაბრუნდა და ევროპელებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) რეიტინგი მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ განაახლა, სადაც ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
ახალ რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთკორეელ მოფარიკავეებს, სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება. ბაზაძემ უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ ზილაგი (166).
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასში 1/32 ფინალიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივიდა. მან ელი დერშვიცი (აშშ) – 15:10, ფარეს ფერჯანი (ტუნისი) – 15:11, ვილიამ დეარი (დიდი ბრიტანეთი) – 15:6 და კოლინ ჰიჩკოკი (გერმანია) – 15:14 დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელ ლუკა კურატოლისთან 14:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროს მედლის მფლობელი კი სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი გახდა.