ქუჩაში დადებული ხელშეკრულება: საქართველოში კანონში ცვლილება შედის

სამოქალაქო კოდექსიდან მუხლის ამოღება უკავშირდება 1 ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ განახლებული კანონის ამოქმედებას
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. 1 ივნისიდან „საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან“ გაქრება ქუჩაში დადებული ხელშეკრულების ცნება, რომელიც ითვალისწინებს გარიგებას მომხმარებელსა და საკუთარი სარეწის ფარგლებში მოვაჭრე პირს შორის ქუჩაში, სახლის წინ და მსგავს ადგილებში.
მოქმედი ნორმით, ასეთი ხელშეკრულება ძალაში იყო მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულებას წერილობით არ უარყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულების შესრულება ხდება მისი დადებისთანავე.
სამოქალაქო კოდექსიდან მუხლის ამოღება უკავშირდება 1 ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ განახლებული კანონის ძალაში შესვლას, რომელიც არეგულირებს ყველა გარიგებას, რომელიც გამყიდველსა და მყიდველს შორის შედგა.

ახალი კანონი

განახლებული კანონის თანახმად, საქართველოში პირველად გაჩნდება მომხმარებლების გარანტირებული უფლებები საქონლისა და მომსახურების შეძენისას.
კერძოდ, საქონლის შეძენისას მომხმარებელს ექნება გარანტია იმისა, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნილ სტანდარტებს, არ არის ვადაგასული და ემსახურება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მიზნებს.
მამაკაცი ქუჩის კიოსკში ყავას და სიგარეტს ყიდულობს
ამავდროულად, გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი თავის საქონელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არ იცოდა მომხმარებლის მიერ გაცხადებული მოთხოვნების შესახებ, საქონლის ქარხნული მახასიათებლების ცვლილების შესახებ და რომ მან ვერ დაარწმუნა მომხმარებელი ეთქვა უარი შეუსაბამო საქონლის შეძენაზე.
ასევე, კანონპროექტი უზრუნველყოფს საქონლის დაბრუნების შესაძლებლობას, რაც მოქმედ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წუნდებული აღმოჩნდება, გამყიდველს მოეთხოვება მისი გაცვლა, შეკეთება, ფასდაკლების გაკეთება ან თანხის დაბრუნება.
ამავდროულად, მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან ფასდაკლება საქონელზე, თუ მოვაჭრემ ან სავაჭრო ობიექტმა ვერ შეძლო საქონლის გამოცვლა ან შეკეთება, ან ეს არ მოხდა გონივრულ ვადაში. თუმცაღა, ფული არ დაუბრუნდება მყიდველს, თუ წუნი უმნიშვნელო აღმოჩნდა.
სუვენირების მაღაზია
ამასთან, კანონპროექტი საგარანტიო ქვითრების გაცემის ახალ პირობებს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, ეს იქნება არა ქაღალდი მაღაზიის შტამპით და სერვის ცენტრების მისამართებით, არამედ ფურცელი დეტალური ინფორმაციით გარანტიის შესახებ, კერძოდ კი რა სახის მომსახურება შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა, ასევე გარანტიის მოქმედების ვადა.
კანონი ასევე იცავს იმ მყიდველების უფლებებს, რომლებიც საქონელსა და მომსახურებას ონლაინ რეჟიმში ყიდულობენ. ონლაინ-მაღაზიებსაც მოეთხოვებათ საქონლის უკან დაბრუნება ორი კვირის განმავლობაში. მართალია, ეს არ ეხება შეკვეთით დამზადებულ, მალფუჭებად და ისეთ საქონელს, რომელსაც მომხმარებელი მისი მიღების შემდეგ შეუსაბამო პირობებში ინახავდა.
გარდა ამისა, საქართველოში აიკრძალება ვაჭრობა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი პროდუქტის, მისი ფასწარმოქმნის მეთოდისა და საქონლის მომსახურების შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდებით.