დუშეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ჯერ კიდევ გრძელდება
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დუშეთში ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის გამსი-ჩოხის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ბაკურხევის ხეობის სოფლებამდე მისასვლელი გზა, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.
უწყების ცნობით, ასევე გაიწმინდა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ციხევდავისა და ჭილურტის საავტომობილო გზაზე მდებარე სანიაღვრე არხები.
რაც შეეხება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულს, შუაფხო-ლაშარის გზის მონაკვეთზე კვლავ აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გადაუღებელი წვიმა მეწყერსაშიშ ახალ ზონებს ქმნის.
გაწმენდითი სამუშაოები ასევე ხორციელდება ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანდოს ხეობის სოფლებამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა.
„გადაუღებელი წვიმის გამო მუნიციპალიტეტში სტიქიის აქტიური ზონები კვლავ რჩება და შესაბამის უწყებებთან ერთად ვაგრძელებთ სალიკვიდაციო ღონისძიებებს", - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.
დუშეთში სტიქიას ებრძვიან: ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა >>
მეწყერი დუშეთის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩამოწვა. მეწყრის ჩამოწოლის გამო შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში - კერძოდ წვიმები, ზოგიერთ რაიონში კი თოვლი - 8 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.