„ბორჯომის“ ქარხნის მუშების აქცია გრძელდება: ახალი მოთხოვნები

„ბორჯომის“ თანამშრომლები მენეჯმენტისგან გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვენ
Sputnik
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. „ბორჯომის“ მინერალური წყლების ქარხნების თანამშრომლებმა საპროტესტო აქციაზე კომპანიის ხელმძღვანელობას ახალი მოთხოვნები წაუყენეს.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს, მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 685 თანამშრომლიდან 49 დაითხოვეს.
შეკრებილებმა ხელმძღვანელობას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს: ხელფასების 10%-ით გაზრდა, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და ძველი კონტრაქტების დაბრუნება.
აქციის მონაწილეები პრემიერთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე მივიდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.
შუამავალი თავდაპირველად გამართავს შეხვედრას აქციის მონაწილეებთან, შემდეგ კი კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდება.
ქარხნების გაფიცული მუშები აქციების გაგრძელებას აანონსებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე წარმოებაში დაბრუნებას არ აპირებენ.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.