თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლთან შაბათის აქციაზე დაკავებული 25-დან 11 მომიტინგე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
პარასკევს საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და წევრებმა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ფაქტზე 25 პირი დააკავა.
დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი ორშაბათს, 9 მაისს გაიმართება.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან აიღეს კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა სავალ ნაწილზე დადგეს. ორი დაკავებული პირი იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციების გაგრძელებას აანონსებენ. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.