თბილისი, 7 მაისი– Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბექა შენგელია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მისი ძმა, გიორგი შენგელია დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 15 აპრილს ბექა შენგელია, რომელსაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თავის ძმასთან და ვინმე მიხეილ ხარებავასთან ერთად მიიმალა.
უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი საპოლიციო ღონისძიების შედეგად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 24 წლის ბექა შენგელია შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, 31 წლის გიორგი შენგელია, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
რაც შეეხება მიხეილ ხარებავას, ის 5 მაისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური