თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გვიან ღამით ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 22 მონაწილე, ამათ შორის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, იუწყება „პირველი არხი“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ იქ დარჩებოდნენ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანდნენ.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა კარვები აიღეს ტერიტორიიდან, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„აღნიშნული მონაკვეთი უნდა გათავისუფლებულიყო. სამანქანო გზის გადაკეტვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამის შესახებ პოლიციამ განუმარტა შეკრებილებს. ისინი არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად მოხდა პირების დაკავება. იყო ხელის შეშლის ფაქტებიც“, – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაღრაძემ.
საქართველოში ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციების სეზონი გახსნა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და ბათუმში უწყვეტი აქციები დააანონსა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
თავდაპირველად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ავტოკოლონა რუსთავის ციხისკენ გაემართა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ახლობლები, ადვოკატები და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
მისმა ოჯახმა საპროტესტო აქციები წამოიწყო სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.
წყარო - „პირველი არხი“.