თბილისი, 7 მაისი – Sputnik. დაბა მესტიაში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად ზუგდიდში ჩასვლა ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ.
დიალიზის თერაპიისთვის უკვე სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, სადაც დიალიზის განყოფილება მოეწყო.
„ვაპირებთ კიდევ რამდენიმე ადგილას დავამატოთ დიალიზის კაბინეტები, ესენია თიანეთი, ყაზბეგი, ამბროლაური და კიდევ რამდენიმე ქალაქი. აუცილებელია მსგავსი სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მესტიაში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე.
ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.