ძალოსნობა: საბა ასანიძის ოქრო აკვრაში და მესამე ადგილი ორჭიდის ჯამში

საბა ასანიძემ საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 324 კილოგრამი მოაგროვა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრმა საბა ასანიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბა ასანიძემ, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ატაცში სამიდან ორი ცდა გამოიყენა. ქართველმა სპორტსმენმა ჯერ 137 კილოგრამი დააფიქსირა, შემდეგ 141 კილოგრამი ასწია და აღნიშნულ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ასანიძემ უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ძალოსანმა ჯერ 176, შემდეგ 183 კგ დაძლია და ამ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში ასანიძეს 324 კილოგრამი დაუგროვდა, რაც საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედლის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ საბა ასანიძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის შვილია.