საქართველოში იმპორტირებული „კინდერის“ საეჭვო პარტიები დაილუქა

არაგეგმური ინსპექტირების შედეგად სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების და პარტიების სურსათი.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კინდერის“ შოკოლადის საეჭვო პარტიები დალუქა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 28 აპრილს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ბელგიაში კომპანია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება.
სააგენტოს ინსპექტორებმა 29 აპრილს არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე.
შემოწმებისას სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების და პარტიების სურსათი. კონკრეტული პარტიების ნახვა კი შესაძლებელია ბმულზე - https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/375
ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „კინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.
იყავით ფრთხილად! საქართველოში „კინდერის“ საეჭვო პარტია გამოვლინდა>>
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.