დეპუტატი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზი არ არსებობს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლია პრეზიდენტს, თუ მთავრობა ნდობას ვერ დაიმსახურებს.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოს, მიზეზი უნდა არსებობდეს, ის კი არ არსებობს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
ვადამდელი არჩევნების თემა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლიდან არსებობს, ამჯერად პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ წამოსწია. მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის გრადუსის შემცირება მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია.

„შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი, მათ შორის ისეთი, რომელიც კონსტიტუციაში წერია, და არც სხვა მიზეზი ობიექტურად არ არსებობს არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის და არც რაიმე სიმულაციური საფუძვლების შექმნისთვის ვადამდელი არჩევნებისთვის“, – განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს კონსტიტუციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი ნდობის ვოტუმს ვერ მიიღებენ.