სააკაშვილი როტერდამში „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიიწვიეს

სააკაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიას“ მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. „ევროპის სახალხო პარტიის“ (ЕРР) ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი როტერდამში პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად არის გაერთიანებული „ევროპის სახალხო პარტიაში". ევროპარლამენტში ერთ-ერთ უდიდეს პარტიასთან კავშირი მაშინ დამყარდა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც ამჟამად რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს.
ხერხეულიძის თქმით, მან სააკაშვილს ტუსკის წერილი გადასცა და შემდეგ ჟურნალისტებს სააკაშვილის პასუხი გააცნო.

„არ ვიცი ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილის ნათესავები და მომხრეები უკვე თითქმის ერთი თვეა აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ისინი მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც „კრიტიკულს“.
სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო – პარასკევს თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უწყვეტი აქციების სერია დაიწყო.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი სააკაშვილის უცხოეთში გაყვანა - ექსპერტის განმარტება
სააკაშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის. მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს – მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ სამი საქმე განიხილება.