თბილისი, 6 მაისი – Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციების სეზონი გახსნა. პარტია პირობას დებს, რომ თბილისსა და ბათუმში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უწყვეტ აქციებს გამართავს.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმსა და თბილისში იწყებს გამოსვლებს. ეს იქნება პერმანენტული და უწყვეტი აქციები, ვიდრე არ იქნება მიღწეული მიხეილ სააკაშვილისთვის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პირველი აქცია პარტიის ოფისთან შეკრება გახდა, ხოლო შემდეგ – საავტომობილო მსვლელობა რუსთავის ციხის მიმართულებით.
ბათუმში მთავრობის სახლთან პარტიის წარმომადგენლებმა რამდენიმე კარავი გაშალეს. ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ახლობლები, ადვოკატები და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
ოჯახმა საპროტესტო აქციები წამოიწყო სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.