თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოში მოსწავლეებისთვის დაიშვება მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიები, თანაც მათი ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.
სრულწლოვან პირებს შორის მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევებს.
ექსკურსიის ორგანიზატორი პასუხისმგებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე მან უნდა წარადგინოს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ორგანიზატორმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. ექსკურსიის ხელმძღვანელს ასევე უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.
დაუშვებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც ტექდათვალიერება გავლილი არ ექნება. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.
გასულ ზაფხულს დასავლეთ საქართველოში სასკოლო ექსკურსიის დროს 14 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბიჭი ფოტოს გადასაღებად კლდეზე ავიდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
უბედური შემთხვევა ექსკურსიაზე ასევე 2019 წლის ივნისში ყინწვისში მოხდა. მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია 2018 წლის ივნისშიც მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ამ ტრაგიკული ინციდენტების შემდეგ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსკურსიების ჩატარების წესების გამკაცრების შესახებ და სკოლებისთვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა.