თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველო და იაპონია აპირებენ განავითარონ ორმხრივი ვაჭრობა და თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სფეროებში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა თბილისში შეხვედრა გამართა იაპონურ დელეგაციასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰონდა ტარო ხელმძღვანელობს.
„იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ქართულ–იაპონური ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ სტაბილურად ვითარდება. დავითაშვილმა აღნიშნა 2021 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც მოიცავს იაპონური ინვესტიციების საქართველოში და ქართული ინვესტიციების იაპონიაში დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმებს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე, რაც კიდევ უფრო საინტერესო ხდება იაპონური კომპანიებისთვის ევროპასთან კავშირის კუთხით.
„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პირობებში ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, საქართველოთი ინტერესდება. ეს ხაზს უსვამს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოშია შექმნილი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, შეეხნენ სავაჭრო ურთიერთობების მეტი ლიბერალიზაციის თემას, რაც გაზრდის საქონელბრუნვას საქართველოსა და იაპონიას შორის.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 2021 წელს 201,9 მლნ აშშ დოლარი იყო. 2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში კი ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 51,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში.