თბილისი, 5 მაისი – Sputnik. იაპონიის მთავრობამ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (თბილისი რესპუბლიკური საავადმყოფო) 1,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას და კლინიკის სათანადო ტექნიკით აღჭურვას. პროექტი პერსონალის გადამზადებასაც მოიცავს.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მისი მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიამ სამედიცინო ტექნიკა გადასცა
© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairs
აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სფერო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან იღებს.
„ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდ-კლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოვებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი.