სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ბინები გადაეცათ

„ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახი კი საცხოვრებლით ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში თითქმის 30 წელია აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავდა და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს მოითხოვდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, მთავრობის მიერ გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
დევნილი ოჯახების განსახლების რამდენიმე მოდელი არსებობს. კერძოდ:
დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავადაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 1 კვ.მ-ზე 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სურვილის შემთხვევაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.