თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
წულუკიძეს წლინახევრის შვილი გუშინ დაეღუპა – ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თეატრმცოდნისა და ტელეწამყვანის ნიკა წულუკიძის და მისი მეუღლის თეკლა კოსტავას მცირეწლოვანი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. სიტყვები უძლურია ასეთი დიდი ტკივილის გამოსათქმელად. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს", – დაწერა მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მას და მის მეუღლეს თეკლა კოსტავას 6 წლის სესილი დარჩათ.
საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წულუკიძესა და მის ოჯახს თანაგრძნობას სოციალურ ქსელებში უცხადებენ. ბევრმა მათგანმა გვერდიდან მთავარი ფოტო მოხსნა და შავი კვადრატი და ლენტი ჩასვა.
ნიკოლოზ წულუკიძე ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელია, არის საქართველოს თეატრალური კრიტიკოსების კავშირის პრეზიდენტი.