პრემიერი: საქართველო მზადაა რეგიონულ დიალოგში წვლილი შეიტანოს

მიმდინარე წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველო კვლავაც მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა და გრიგორიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
არმენ გრიგორიანის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა
ვიზიტის ფარგლებში გრიგორიანმა შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან.
გომელაურმა სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი გააცნო. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე რეგიონული დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის თუ სხვა მიმართულებით“, – ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.