თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბოლოს წინა მოსმენა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დასკვნითი სიტყვით დასრულდა.
გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამია გირაოთია გათავისუფლებული და განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდება.
ნიკა გვარამია
© photo: Sputnik / Stringer
დასკვნით სიტყვაში ოპოზიციური ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა და თანამფლობელმა უარყო წაყენებული ბრალი და ისინი „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა.
„მართალი გითხრათ, სულ ერთია უკვე ჩემთვის – რას იზამთ. მე თავს არ ვაღიარებ დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილება იქნება. მე რომ მკითხოთ, ამ ვითარებაში, ამ ხელისუფლების პირობებში გარეთ რომ ვარ, ეს უფრო დიდი პარადოქსია, ვიდრე შიგნით რომ ვიყო", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მომდევნო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოვლენ დაცვისა და ბრალდების მხარეები, რის შემდეგაც სასამართლო გამოიტანს განაჩენს საქმეზე, რომელიც უკვე 2 წელი და 7 თვე გრძელდება.
რას ედავებიან გვარამიას
ბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი. ამ კომპანიას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.
ნიკა გვარამია
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
შეთანხმებები „პორშეს ცენტრსა“ და „პრო ექსპო მედიას“ შორის 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. ერთი ეხებოდა მანქანის შეძენას, მეორე – სარეკლამო მომსახურებას. შედეგად Porsche Macan S-ის ფორმალური მესაკუთრე გახდა სარეკლამო სააგენტო, ფაქტობრივი კი - გვარამია.