კომპანია IDS Borjomi-ის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები 5 მაისიდან მოლაპარაკებებს იწყებენ

დასაქმებულები კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კომპანია IDS Borjomi-ის თანამშრომლები პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესს იწყებენ, იუწყება „პირველი არხი“.

კომპანიის თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს და ახალი შრომითი კონტრაქტის პირობები გააპროტესტეს. ახალი კონტრაქტის თანახმად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 140%-ის ნაცვლად 125%-ით მოხდება. ამასთან, კომპანიის გაჩერების პერიოდში თანამშრომლები ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა. გარდა ამისა, დამსაქმებელი ამიერიდან თანამშრომლებისთვის პრემიებს აღარ გასცემს.

სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ინფორმაციით, უკვე დაკომპლექტებულია სამუშაო ჯგუფი. თუ 21 დღის განმავლობაში მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მზად არიან ახალ კონტრაქტებს ხელი მოაწერონ, თუმცა ითხოვენ გარანტიებს სამუშაო ადგილების შენარჩუნების შესახებ და ახალი კონტრაქტის ვადის სამი თვით განსაზღვრას.
მათი თქმით, კონტრაქტის შეცვლილი პირობები ადაპტირებულია ახალ რეალობასთან და არ არის გარანტია იმისა, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება.
შეკრებილები კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. 30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლის“ შესახებ დააანონსა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი IDS Borjomi-ში დასაქმებული 400 ადამიანის ინტერესებს იცავენ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.