თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი 51 კომპანიის მასშტაბური შემოწმება განახორციელეს და მთლიანობაში 3,5 მლნ-ზე მეტი პოლიეთილენის პარკი დალუქეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მაღაზიებში ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდა – 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აკრძალეს თხელი პოლიეთილენის პაკეტები, ასევე ყველა სახის პლასტიკური პაკეტის იმპორტი. თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, ზოგიერთი ობიექტი დღემდე მაინც იყენებს მათ.
სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში 37 ობიექტზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დალუქეს 3.529.675 ცალი და 23.378 კგ პარკი, 60 ცალი და 8.036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1.501 ტომარა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს.
პოლიეთილენის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციისას კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს რამდენიმე უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების წარმოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციის კუთხით.