თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაიწყეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებსა და ტროტუარებზე.
ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას.
კანონმდებლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი ინიციატივა – მუნიციპალიტეტი შეძლებს განსაზღვროს, სად გადაკვეთს ტაქსი და სამარშრუტო მიკროავტობუსი საავტობუსო ზოლს, რაც ამჟამად მათთვის აკრძალულია და ჯარიმით ისჯება. ტაქსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები შეძლებენ გაჩერებასაც საავტობუსო ზოლზე, თუ ეს არ შეაფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და არ შექმნის „საცობს“.
ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ ტაქსებზე, რომლებსაც სპეციალური ლიცენზია გააჩნიათ.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.