ქოლ-ცენტრების საქმე: ბრალდებულთა წრე გაფართოვდა

საქმეზე გამოძიება გრძელდება ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შემავალ 7 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნე კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ.
„ქოლ-ცენტრის” თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
კერძოდ, ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველში მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
ქოლ-ცენტრების საქმე: სასამართლომ 11 ბრალდებული დამნაშავედ ცნო>>>
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლით დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლით („უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ანალოგიურ ფაქტებზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ 24 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირზე, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.