COVID-19 - ბოლო ცნობები

ივანე ჩხაიძე: ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, შემსუბუქებული რეგულაციები პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. შეზღუდვებისა და აკრძალვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ის პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
გუშინ საქართველოში კოვიდ-რეგულაციები შემსუბუქდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო.
იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებისა, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ არსებობს და მნიშვნელოვანია აღნიშნული შეზღუდვების შესრულება.

„იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენას უკავშირდებოდეს, ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოსა თუ საქართველოში პანდემია უახლოეს დღეებსა თუ კვირებში დასრულდება, ძალიან ნაადრევია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი იანვარსა და თებერვლის დასაწყისში გადაიარა. ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს გამოვლენილმა ინფიცირების შემთხვევებმა 26 ათასს გადააჭარბა.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში ინფიცირების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 50-დან 200-მდე მერყეობს. ეპიდემიოლოგები ელოდებიან, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პირბადე მხოლოდ ტრანსპორტსა და კლინიკებში: მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო
ქართველი ექსპერტების შეფასებით, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობიან, საქართველოში მოსახლეობის 85%-ს უკვე გააჩნია იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ.
წყარო: ტელეკომპანია იმედი"